თეგი: სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ინსლის, ასევე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS)-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელი – II რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი – ჯულია ჰერსონსკისი, ამავე პროგრამის კავკასიისა და თურქეთის პროექტების მენეჯერი – კელონ ჯეკლინი და საქართველოში ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი – როზიცა პეტროვა ესწრებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ეწვივნენ. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული მ.ტ. და 1982 წელს დაბადებული მ.ა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1982 წელს დაბადებული მ.ა, 1977 წელს დაბადებული ე.გ და 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.  

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული ა.ხ. და 1996 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ შემოიტანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ი.ფ. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „STEN NEPTUN" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. "გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „თ" ქვეპუნქტით დაიწყეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შსს ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგენლობით განწესის ტაქტიკური გადაადგილების სქემას, იარაღის გამოყენების უსაფრთხოების წესებს, პირის შეჩერების, აგრეთვე, მისი ქვეითად და ავტომანქანით ბადრაგირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება მსგავსი ტიპის სწავლებები, რომლებიც მესაზღვრეების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემა პროექტების - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ვახტანგისში სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვასა და დანაშაულთან, მათ შორის ნარკოტრეფიკთან, ბრძოლაში დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ გადავეცით ჩვენ ამ კონკრეტულ სასაზღვრო პუნქტს ტექნიკური აღჭურვილობა და მანქანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს გახდის“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.  

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების თანახმად, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - წერია ინფორმაციაში.  

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველომ ახალი ვერტმფრენი მიიღო. შსს-ს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.